საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ამზადებს

kvira.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ამზადებს. ამის შესახებ უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერესელიძის თქმით, ვიზიტის თარიღი ამ დროისთვის უცნობია, რადგან ელოდებიან უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას.

დავით კერესელიძის ინფორმაციით, პრემიერის უკრაინაში ვიზიტის დაგეგმვა უკავშირდება უკრაინაში ქართული მხარის კონსულტაციებს, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართა. სპიკერი აღნიშნავს, რომ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელძღვანელობდა და დაიგეგმა ორ ქვეყანას შორის უფრო აქტიური და კოორდინირებული თანამშრომლობა როგორც ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხების წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზირისით.

„ამ კონსულტაციების და სხვა სამუშაოების შედეგია ის, რომ უახლოეს ხანებში იგეგმება პრემიერმინისტრის ვიზიტი უკრაინაში. ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს ვიზიტი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვა მინისტრებიც. ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უსაფრთხოების გაღრმავებას და თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი. ეს იქნება უმაღლესი დონის ვიზიტი და, შესაბამისად, ყველა საკითხზე სასაუბროდ უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ ველოდებით მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას უკრაინაში, ამის შემდეგ შეგვიძლია დავსახოთ ვიზიტის თარიღი“, - განაცხადა კერესელიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერად საგანგებო დავალებათა ელჩი დავით კერესელიძე მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს წარადგინა. მისი თქმით, სპიკერი გააკეთებს განცხადებებს უწყების გეგმების, პრიორიტეტების და მიმდინარე მოვლენებზე სამინისტროს პოზიციის შესახებ.

კომენტარები