მეთიუ ბრაიზა

ბრაიზა: საქართველოს ევროპულ არჩევანს ვეტოს ვერავინ დაადებს

asbarez.com

ტაბულასთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. ბრაიზამ ალასანიას, პეტრიაშვილისა და ფანჯიკიძის ხელისუფლებიდან წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტებს ვაშინგტონში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

"ალასანიას, პეტრიაშვილის, ფანჯიკიძის სიტყვები და ქმედებები გარკვეულწილად მაინც უნდა იყოს აღქმული როგორც გაფრთხილება, ყოველ შემთხვევაში ისინი სწორედ საქართველოს მთავრობის ხედვების ცვლილებებზე გვაფრთხილებენ. შემიძლია გითხრათ, რომ მათი გადადგომის ინფორმაციამ ვაშინგტონი შეძრა და ამ ფაქტს ჩემი კოლეგები ნეგატიურად შეხვდნენ. მისასალმებელია, რომ ამ პროცესების პარალელურად პრემიერმინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია. როგორც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის 80% საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა და ქართველი ხალხის არჩევანია, რომელსაც იმედი მაქვს, რომ პატივს სცემენ", - განაცხადა ბრაიზამ.

ბრაიზას განმარტებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები უცვლელია და საპირისპირო იდეების განხორციელება შეუძლებელია.

"მინისტრების გადადგომა შესაძლოა იყოს დაპირისპირების ნიშანი ორგანიზების საკითხებში. თუმცა ქმედებებით კვლავ ვხედავთ, რომ საქართველო მიდის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, გრძელდება საქართველოსა და NATO-ს მჭიდრო კავშირები. საქართველოს მთავრობაში რომც არსებობდეს რუსეთთან დაახლოების იდეები, არ მჯერა, რომ ამ იდეებისთვის ხორცის შესხმა მოხერხდება, რადგანაც ჩვენ ვიცით, რა სურს ქართველ მოსახლეობას. ქართველებმა ბევრი იბრძოლეს, მრავალ წარმატებას მიაღწიეს, დიდი მსხვერპლი გაიღეს. საქართველო ევროპული ქვეყანაა, მისი ადგილი ევროპაშია და ამ არჩევანზე ვეტოს დადების უფლება არავის აქვს", - განაცხადა ბრაიზამ.

კომენტარები