მეთიუ ბრაიზა

ბრაიზა: ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მასობრივი დაკავებები ეჭვს ბადებს

თბილისში ხანმოკლე ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტები შეაფასა. მისი თქმით, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი უნდა დაისაჯოს. თუმცა, ბრაიზა აღნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მასობრივი დაკავებები ეჭვს ბადებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის თქმით, განსაკუთრებით საეჭვოა, როდესაც ამას წარსულში ნასამართლევი პროკურორი აკეთებს.

"დასავლეთში ხშირად ხდება ისე, რომ როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის და ყოფილი თანამდებობის პირების გასამართლებას იწყებს, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოფილი მთავარი პროკურორის გადაყენება ხდება აუცილებელი, იმის გამო რომ ის ნასამართლევი იყო და ამის შესახებ არაფერი ითქვა. მსგავსი შემთხვევები პროკურატურის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ეს კი, ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუმცა, მეორე მხრივ, პროკურატურა ვალდებულია, ყველანაირი სამართალდარღვევა გამოიძიოს", - ამბობს ბრაიზა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ საქართველოში ჩატარებული არჩევნებიც შეაფასა და მას ისტორიული უწოდა. ყოფილი დიპლომატის თქმით, ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

"ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როგორი იყო საქართველო ვარდების რევოლუციამდე. როგორია ის დღეს და კიდევ რა გზა აქვს გასავლელი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის გასაგრძელებლად. ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ მმართველი პარტია ხელისუფლებაში ძალიან დიდი ხნის, 9 წლის განმავლობაში იყო. პირველ რიგში, ამომრჩეველი ლიდერების ყურებით დაიღალა. მეორე მხრივ, ლიდერები ხშირად ეჩვევიან ძალაუფლებას და სჯერათ, რომ მათი გუნდი ერთადერთია, რომელიც ქვეყნის წინსვლას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ძველმა ხელისუფლებამ ვერ შეამჩნია თუ როგორ ჩამოშორდა დროდადრო ამომრჩეველს, რამაც მათი არჩევნებში დამარცხება გამოიწვია", - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები უკვე გამართა ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლა და ეკონომიკური პოლიტიკა განიხილეს.

კომენტარები