ახალი ტექნოლოგიები

ევროპარლამენტი Google-ის დაშლას უჭერს მხარს

P. Seeger / picture-alliance/dpa/

ევროპარლამენტმა ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მიღებული უკანასკნელი რეზოლუციით მხარი დაუჭირა იმ კანონპროექტს, რომელიც Google-ის, როგორც აღმატებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიის, შესაძლო დაშლას ითვალისწინებს. 

რეზოლუციას მხარი 384 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 174 დეპუტატი ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა. რეზოლუციის მიხედვით, Google-მა საკუთარი კომპანია სხვადასხვა მიმართულებებად უნდა გაყოს, რითიც აღნიშნულ ბაზრებზე თავისუფალი კონკურენციის წახალისებას შეუწყობს ხელს. Google-მა გასული თვეების განმავლობაში ევროპარლამენტს რამდენიმე სხვა გზაც შესთავაზა, მაგრამ ევროპარლამენტმა ისინი არ გაითვალისწინა. 

უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ევროპასში ინტერნეტ ძიების 90%-ზე მეტი Google-ის საძიებო ველით ხორციერლდება, ხოლო აშშ-ში Google-ის რეიტინგი შედარებით დაბალია და 68%-ს შეადგენს. თუმცა აღნიშნულ ბაზრებზე Google-ს მაინც აღმატებული საბაზრო ძალაუფლება აქვს. 

დღეისათვის ევროპარლამენტს Google-ის დაშლისათვის საჭირო იურიდიული საფუძველი არ აქვს, მაგრამ აღნიშნული რეზოლუციით შესაძლოა, რომ გარკვეული სანქციები დააკისროს. 

რეზოლუცია რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:

ინტერნეტ საძიებო საიტებს შორის თავისუფალი კონკურენციის არასებობას.

პირის ონლაინქცევაზე და მის მიერ მონახულებული საიტების მეშვეობით სპეციალურად მისთვის შემდგარი სარეკლამო სისტემის არსებობაზე კონტროლის დაწესებას.

ონლაინრეკლამებზე უარის თქმის უფლების არსებობას. 

საძიებო ქსელების მიერ სხვა საიტების კუთვნილი ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვით გავრცელებას.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით ევროპარლამენტი ინტერნეტ საძიებო სისტემების და კონკრეტულად Google-ის საქმიანობას გასული ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდა. 

რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანდრეა შვაბმა Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Google-მა ევროპაში საკუთარი ბაზრის გასაფართოებლად ისეთი გზები გამოიყენა, რომლებიც თავისუფალი კონკურენციის წესებს არღვევდა. რეზოლუციის მხარდამჭერების აზრით კი, ახალ საძიებო კომპანიებს არ ეძლევათ ფართო ბაზარზე გასვლის საშუალება, რადგანაც Google-ს ბაზრის სრული წილი აქვს ათვისებული - რაც თავისუფალი კონკურენციის შესახებ მიღებულ რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. 

რეზოლუციის მოწინააღმდეგეების შეფასებით, აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის საქმიანობის შეზღუდვას ემსახურება.

Google-ი ევროპარლამენტის განხილვის საგანი 2012 წელსაც გახდა, როდესაც დავიწყების უფლება განიხილებოდა. ხოლო 2014 წლის 13 მაისს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა კერძო პირების შესახებ არსებული ინფორმაცია თავად ამ პირის სურვილის შემთხვევაში საძიებო ველიდან უნდა წაშალოს.

კომენტარები