- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას სოჭში ხელი მოაწერეს. პუტინმა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრა.
- აფხაზეთის ფორმალიზებული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვაზე მოთხოვნა გაგზავნა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა.
მოსკოვსა და სოხუმს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ შეკითხვას დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმაც უპასუხა.
- რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შეთანხმებაზე დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს და მათ ხელისუფლებას 3 პუნქტიანი გეგმა შესთავაზეს.
- დღეს მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორის თამაზ შავშიაშვილის დაკითხვა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავად, შავშიაშვილმა საგამოძიებო ორგანო კომენტარის გარეშე დატოვა, მისი ადვოკატის, ოთარ კახიძის თქმით კი, გამოძიება გენოციდისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაზე მიმდინარეობს და პროკურატურას კითხვები სააკაშვილის პირად ოპერატორთან 2008 წლის საჯარო გამოსვლებისა და შეხვედრების ვიდეო არქივების ბედთან დაკავშირებით ჰქონდა.
- საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა წელიწად-ნახევარში ხელფასის და დანამატის სახით 235 538 ლარი აიღო. ნადირაშვილმა ზედელაშვილის მიერ მიღებული შემოსავალი თვეების მიხედვით გაასაჯაროვა.




