ფოკუსი

21 ნოემბერი,2014

- გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი უკვე საქართველოშია. იემენელი სალაჰ მუჰამად ალ-დჰაბი, აბდალ ღაიბ აჰმად ჰაქიმი და აბდულ ხალიდ ალ-ბაიდანი გუანტანამოს ციხიდან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გამოაგზავნა.
- საკანონმდებლო ორგანო მოსმენებთან დაკავშირებით 2 კანონპროექტს განიხილავს. უმრავლესობის ნაწილი ვახტანგ ხმალაძის ვერსიას ემხრობა, რაც ე.წ. გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას გულისხმობს. ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტით კი გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება.
- რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ანექსიისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი წამგებიანია არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვის, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2014 წლის იანვარ-აგვისტოში მინისტრების და მათი მოადგილეების მიერ მიღებულ პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობას აქვეყნებს. ყველაზე მაღალი პრემია და სახელფასო დანამატი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო - 43 982 ლარი, ხოლო თეა წულუკიანმა 2014 წლის რვა თვეში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 34 180 ლარი.
- უკრაინის მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა - ამაზე ახალ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ. გამთენიისას, რადას შენობასთან გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე, რომელიც ევრომაიდანის წლისთავს მიეძღვნა, პოლიტიკურმა ძალებმა კოალიციური შეთანხმების პარაფირება მოახდინეს.

კომენტარები