რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე: არასდროს შევეგუებით ტერიტორიების ხელყოფას

ტაბულა

"ოკუპირებულ რეჟიმებთან ხელშეკრულების გაფორმება კიდევ უფრო ართულებს ჩვენს ქვეყნებს შორის არცთუ მარტივ ურთიერთობას. საქართველო არასდროს შეეგუება თავისი ტერიტორიების ხელყოფას. შესაბამისად, არანაირ კომპრომისზე ამ საკითხში წასვლას არ ვაპირებთ", - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა აფხაზეთის ოკუპირებული რეჟიმის დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის მიერ რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ ხელშეკრულების ვარიანტის მხარდაჭერას ეხმაურება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური სამთავრობო სამუშაო ჯგუფი შეთანხმების აფხაზურ რედაქციას ამზადებს, რათა დოკუმენტი აფხაზეთის ე.წ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

"აფხაზურმა მხარემ შეიძლება, შეიტანა რაღაც ცვლილებები, მაგრამ ამ ცვლილებებით არ იცვლება ხელშეკრულების არსი. ეს არის ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოს მათ სურთ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, მათი რეალური ქმედებები მიმართულია არა ნორმალიზებისკენ, არამედ რეგიონში სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციისკენ. საქართველო რუსეთის ურთიერთობების ხარისხს განსაზღვრავს არა ის, თუ რამდენად გაიზარდა სავაჭრო ტვირთბრუნვა ან გახშირდა კულტურული კავშირები, არამედ ის, თუ რამდენად სცემს რუსეთი პატივს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ოკუპირებულ რეჟიმებთან ხელშეკრულების გაფორმება კიდევ უფრო ართულებს ჩვენს ქვეყნებს შორის არცთუ მარტივ ურთიერთობას. საქართველო არასდროს შეეგუება, თავისი ტერიტორიების ხელყოფას, შესაბამისად, არანაირ კომპრომისზე ამ საკითხში წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, დამოუკიდებლად წინ აღვუდგეთ ამ ხელშეკრულების ხელმოწერას. ჩვენი ერთადერთი იარაღი საერთაშორისო სამართალი, ეს არის საერთაშიროსო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორი დემოკრატიული სახელმწიფოები. ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი მათთან და ვთხოვთ, ყველა ძალა იხმარონ იმისათვის, რომ რუსეთი აიძულონ, უარი თქვას თავის აგრესიულ ქმედებებზე", - თქვა დონდუამ.

დონდუას თქმით, ხელშეკრულების გაფორმებით საფრთხე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატსაც ექმნება.

"ერთადერთი ფორმატი, სადაც ხდება საუბარი აფხაზეთსა და ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე და სადაც განიხილება აგვისტოს ომის შედეგები, არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. ფორმატი დაფუძნებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე. აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებით, ფაქტობრივად, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ბათილი ხდება და შესაბამისად, უკვე ჟენევის ფორმატი ჰაერში ეკიდება. ამიტომ საფრთხე ექმნება სწორედ იმ ერთ მოლაპარაკების ფორმატს, რომელიც დღეს არსებობს. მე არ ვამბობ, რომ ხელმოწერისთანავე ეს ფორმატი შეწყვეტს მუშაობას, მაგრამ კიდევ უფრო გართულდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა", - თქვა დონდუამ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ცხინვალი მოსკოვთან ინტეგრაციის შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების და სამხედრო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო Itar-Tass-ს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა. ჩოჩიევის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მიმდინარეობს. "სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საკითხი სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, ახალი ხელშეკრულება კი მის განმტკიცებას ხელს შეუწყობს",- განაცხადა ჩოჩიევმა. 

კომენტარები