რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

კინზინგერი: რუსეთის მიერ ორი რეგიონის ანექსია საფრთხეს შეუქმნის თბილისსაც

nbcnews

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი შიშობს, რომ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულებით ანექსიის ეტაპი დაიწყება. მისი თქმით, საქართველომ 6 წლის წინ გადაიტანა ის, რაც უკრაინაში ხდება. კონგრესმენი მიიჩნევს, რომ რუსეთმა აგრესიისთვის დიდი საზღაური უნდა გადაიხადოს. კინზინგერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ორი რეგიონის [აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი] ანექსიით საფრთხე საქართველოს დედაქალაქსაც შეექმნება და ის რუსეთის საარტილერიო ცეცხლის რადიუსში მოექცევა. აღნიშნული მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა.

"მე საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და NATO-ში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერი ვარ. საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია. ყველაზე იოლი გამოსავალი იქნებოდა ის, თუ ქვეყანა ტირან ჩრდილოელ მეზობელს მიუბრუნდებოდა, მაგრამ საქართველოს თავისუფლება სურს. მას უნდა, რომ ღია, თავისუფალი საზოგადოების ნაწილი იყოს. მე შევხვდი აშშ-ში საქართველოს ელჩს და ეს საკითხები განვიხილეთ. აფხაზეთისა და რუსეთის შეთანხმებით, ვშიშობ, რომ დაიწყება ანექსიის ეტაპი. საქართველომ ექვსი წლის წინ გადაიტანა ის, რაც უკრაინაში ხდება. მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ამის შესახებ. რუსეთმა აგრესიისათვის დიდი საზღაური უნდა გადაიხადოს. მე ვიცი, რომ საქართველო ჩვენი კარგი პარტნიორია ავღანეთში. მისი მეომრები მხნედ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცების გვერდით. ჩვენ ეს უნდა დავაფასოთ და გავაღრმაოთ კავშირები საქართველოსთან.

შეთანხმება, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯით გვაშორებს ანექსიას. რუსეთი უკანონო ქმედებას ჩადის. თუ სამხრეთ ოსეთთანაც მსგავსი შეთანხმება გაფორმდა, მივიღებთ ორი რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. ეს საფრთხეს შეუქმნის [საქართველოს] დედაქალაქსაც და მას რუსეთის საარტილერიო ცეცხლის რადიუსში მოაქცევს. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ჯარისკაცების წვრთნა. თუ ანექსია გაფორმდება, ამას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და სერიოზული ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოჰყვეს", - თქვა კინზინგერმა.

კომენტარები