დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2013-ის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, დანაშაული 16.67%-თაა შემცირებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, ჯამში რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა – 14369. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი - 65.06%-ია. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,67 %.

უფრო კონკრეტულად, 2013 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, შემცირებულია განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მაჩვენებლები. თუმცა, 66.09%-თაა გაზრდილი ჯანრმთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ხოლო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება 42.66%-თაა შემცირებული.

ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი გასული წლის პირველ 10 თვესთან შედარებით, 12.95%-თაა გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, შემცირებულია დანაშაული მუხლებით - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა, გაუპატიურება, დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა. ხოლო თაღლითობა 2.81%-თაა გაზრდილი.

600%-თაა გაზრდილი დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ, 311.76%-ით - დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში, ხოლო დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში - 200%-ით.

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში ხულიგნობის 122 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19.74%-თაა შემცირებული. პროცენტულად შემცირებულია ნარკოტიკული დანაშაულიც. თუმცა, ნარკოტიკების კონტრაბანდა 78.95%-ით, ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდა - 600%-ით, ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღება 266.67%-თაა გაზრდილი.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რეგისტრირებულია კომპიუტერული დანაშაულის 89 შემთხვევა. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მუხლით 88 დანაშაული მოხდა.

აღსანიშნავია, რომ წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენეის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ 900%-თაა გაზრდილი.

კომენტარები