ფოკუსი

19 ნოემბერი,2014

სახალხო დამცველი ირწმუნება, რომ გლდანის ციხეში მისმა წარმომადგენლებმა ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს. სასჯელაღსრულების სამინისტროში ამბობენ, რომ უჩა ნანუაშვილმა ინფორმაცია დაგვიანებით გაავრცელა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. მათი თქმით, დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ პროკურატურა საქმის მასალების გაცნობის საშუალებას არ აძლევს, სიცრუეა. პროკურატურის განცხადებით, დაცვის მხარეს გაუგზავნა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც განუმარტეს მიზეზი თუ რატომ არ ხდება დაცვის მხარისთვის მასალების გადაცემა და ასევე ახსნილი იქნა, თუ რა სახით არის შესაძლებელი საქმის მასალების შესწავლა. საგამოძებო უწყება ადვოკატებისთვის მიწოდებულ დოკუმენტებს ასაჯაროვებს.

ნდობის ჯგუფის პირველი შეხვედრა პარლამენტში - ამ შეხვედრას ქვეყნის მთავარი აუდიტორი ლაშა თორდიაც ესწრება. შეხვედრის დაწყებამდე სწორედ მან თქვა, რომ საუბარი ე.წ კაბელების საქმეს არ შეეხება თუმცა განხილული იქნება შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა 2 საქმის მასალები. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ შეხვედრა დატოვა და თქვა, რომ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას დასკვნები უკვე გაკეთებული აქვთ.

 

პარლამენტში ფარული მიყურადების კანონთან დაკავშირებით მსჯელობდნენ - სპეციალურ ჰგუფი კანონპროექტის სამ ვარიანტს განიხილავს. 2 ვარიანტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეკუთვნით ,მესამე კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრუსელში ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ ევროპაში შერჩევით სამართალთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს კი საქართველოში კონტრუქციული ოპოზიციის ხილვა უნდათ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ კი პოლიტიკური დევნის თავიდან აცილების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფორმალური ანექსიის პარალელურად საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის გაგრძელების იმედი აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის მოკავშირეები რეგიონში დღეს არსებულ სიტუაციას ითვალისწინებენ.

კომენტარები