- პრემიერმინისტრი ბრუსელში ვიზიტს განაგრძობს, სადაც ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა - სხდომის დასრულების შემდეგ, საგარე და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნის თავიდან აცილების აუცილებლობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადებები. მოგერინის გარდა ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდა.
- ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა 49 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ წინა ხელისუფლების მრავალი მაღალჩინოსანი და ამჟამინდელი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებაა დაწყებული, დაპატიმრებულია ან წინასწარ პატიმრობაშია, რაც მიღებული ტექსტის მიხედვით, ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის.
- საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ აუცილებელია ტექსტში მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინება და ეთანხმებიან იმ აზრს, რომ პოლიტიკურ დევნას ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
- ბრიუსელში ვიზიტისას პრემიერს რამდენიმე საინტერესო ახალი გზავნილი ჰქონდა - მათ შორის, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება საქართველოს 2008 წლის ომის გაგრძელებაა. პრემიერმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის განზრახვაზეც ისაუბრა. სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტისგან მსგავსი გზავნილები ადრეც მოგვისმენია, თუმცა, პრემიერს ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსეთთან ურთიერთობის კონტურები განსხვავებულად ესახებოდა - ირაკლი ღარიბაშვილი ვერც ანექსიის საფრთხეს ხედავდა და იმასაც ფიქრობდა, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დალაგების უნიკალურ ფორმულას მიაგნო.
- ირაკლი ალასანია ხელისუფლებასა და პროკურტურას, მისი თქმით, ბოლო გაფრთხილებას აძლევს - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ე.წ. კაბელების საქმის მასალებზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზებას აპირებს.
- აუდიტის სამსახურმა კი თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული შემოწმების მონაცემები პროკურატურას გადაუგზავნა - როგორც უწყების ხელმძღვანელი ამბობს, საეჭვო მიგნებების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდს ეხება, თუმცა მათ შორის ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდის სავარაუდო დარღვევებიც მოხვდა. პარალელურად, პარტლამენტში ნდობის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს შემოწმების გრიფით საიდუმლო მასალების განსახილველად ემზადება.




