სტოლტენბერგი: NATO საქართველოში სამხედრო საწვრთნელ ცენტრებს გახსნის

AFP

“ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ იმ პაკეტის იმპლემენტაცია, რომელიც უელსის სამიტზე მივიღეთ და რომელიც საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს. ეს პაკეტი ითვალისწინებს NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაფუძნებას. ამ გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს და NATO-საქართველოს ურთიერთობას,” - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

NATO-ს გენერალური მდივანის თქმით, ევროატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, საქართველოს მიერ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პარალელურად, რაც კანონის უზენაესობის განმტკიცებასაც გულისხმობს.

“საქართველომ მართლაც შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია უკანასკნელ წლებში და ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თქვენ მიერ დემოკრატიული რეფორმების წინ წამოწევის პარალელურად, რაც კანონის უზენაესობის, მათ შორის, მართლმსაჯულების მიუკერძოვებლობის შემდგომ გაძლიერებასაც გულისხმობს,” - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით,  საქართველო გახდება NATO-ს წევრი, მას შემდეგ, რაც ის სრულად შეასრულებს წევრობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

“ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა, რომ მას სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება და საქართველო NATO-ს უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო დაუახლოვდა. ჩვენ კვლავ იმ გადაწყვეტილებაზე ვდგავართ, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ. საქართველო გახდება NATO-ს წევრი, მას შემდეგ, რაც ის სრულად შეასრულებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას ამ გზაზე. სწორედ ამ მიზეზით კიდევ უფრო ვაფართოებთ ურთიერთთანამშრომლობას NATO-სა და საქართველოს შორის," - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები