ირაკლი ალასანია

ალასანია: ეჭვები პოლიტიკური დევნის შესახებ გამართლდა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქმე მისი ყოფილი უწყების მაღალჩინოსნების წინააღდეგ პოლიტიკურად არის მოტივირებული. თუმცა, იგი დარწმუნებულია რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ კუსს არ გადაუხვევს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

„ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ეჭვები, რაც ჩვენ გვქონდა, პოლიტიკურ შევიწროებასთან, პოლიტიკურ დევნასთან, პოლიტიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით, როდესაც მე დავინახე, რომ მოქმედი პრემიერმინისტრი და მისი გუნდი ერთიანად, ზუსტად იმეორებდნენ იმ ბრალდებას, რომელსაც პროკურატურა სთავაზობდა მათ, არც კი გაითვალისწინეს თავდაცვის სამინისტროს ახსნა-განმარტება, ჩვენი საუბრები და ეს ყველაფერი დააგვირგვინა ბატონი ივანიშვილის გამოსვლამ, რომელიც, პრაქტიკულად საქმის იმაზე მეტ დეტალებზე საუბრობდა, ვიდრე პროკურატურამ ისაუბრა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე, მაგრამ გაუეგებარია, რა საჭიროა იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ. გარდა ამისა, ალასანიას განცხადებით, გაუგებარია, რატომ მოხდა ეს საფრანგეთში და გერმანიაში მისი მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და NATO-ს უელსის სამიტზე დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კონკრეტულ ნაბიჯებს ემსახურებოდა.

„ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია", - განაცხადა ალასანიამ. თუმცა, მისი თქმთი, „ჩვენ არ გვითქვამს, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია დასავლეთს და NATO-ს გზიდან, ღმერთმა დაგვიფაროს და დარწმუნებულ ვარ, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა აღნიშნა, რომ როდესაც მან და მისმა თანაპარტიელებმა ამ საკითხის კოალიციის საბჭოზე განხილვა გადაწყვიტეს, ამას პრემიერის მიერ ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

„ჩვენ არ მოვსულვართ ხელისუფლებაში ერთად 2012 წელს იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების, კერძოდ, პროკურატურის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მომხდარიყო", - აღნიშნა ალასანიამ.

მისი თქმით, ამ დრომდე საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და მისი გასაჯაროება არ მოხდა, ადვოკატებს არ აქვთ საქმე შესწავლილი, რის გამოც დაკავებულები დაცვის უფლებით ვერ სარგებლობენ. ამავე დროს, ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა უდანაშაულობა დამტკიცდება.

ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებამსდე შედგა.

"ერთადერთი, რაც ყველაზე უფრო მომხდა ყურში და თვალში არის ის, რომ საუბარში ხშირად ახსენებდა, თავი შემეკავებინა პარტიის თავმჯდომარედ არჩევისგან. ეს იყო აბსოლუტურად აუხსნელი და მოულოდნელი. ამან კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული. დანარჩენ დეტალებზე არ ვისაუბრებ – ეს არ იყო დაძაბული საუბარი, ძალიან გულღია საუბარი შედგა", - აღნშნა ალასანიამ.

მისი თქმით, მისთვის გაურკვეველი იყო კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ივანიშვილის დასწრების სტატუსი, რადგან ის პოლიტიკიდან წავიდა და „იმ შეხვედრაზე უადგილო იყო საუბარი მასთან".

ივანიშვილზე საუბრისას ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მის მიართ „არანაირი ვალდებულების განცდა" არ აქვს. "უნდა აღინიშნოს ის დიდი წვლილი, რომელიც კოალიციის წარმატებაში ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა. მაგრამ ეს იყო კოალიციური პარტნიორების დამსახურებაც", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები