ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა შედგა". შსს-ს საპატრულო დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას ჯაფარიძესთან ერთად, გივი თარგამაძე და გიორგი მელაძე დაესწრნენ. ჯაფარიძის თქმით, მიიღო დაპირება, რომ ხვალინდელ აქციაზე შსს შეეცდება, მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები.
"ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია შსს-ს წარმომადგენლებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონებში ხდება ზეწოლა მძღოლებზე. თუმცა ეს შსს-ს კომპეტენცია არ არის, ამას აკეთებს ე.წ. სუს-ი. ავუხსენით დეტალურად ხვალ დაგეგმილი აქციის გეგმები - სად იქნება ხალხი შეკრებილი, როგორი იქნება მსვლელობა და ა.შ. შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული. დაგვპირდნენ, რომ ეცდებიან, მაქსიმალურად დაიცვან წესრიგი და არ დაუშვან ექსცესები. ჩვენ ჩვენის მხრიდან ვუთხარით, რომ ხვალ იგეგმება მშვიდობიანი აქცია და არ გავცდებით კანონის ფარგლებს", - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაში შსს-ს მხრიდან მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელები.





