- კიდევ ერთი გამოძიება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უკავშირდება - მთავარ პროკურატურაში ტაბულას დაუდასტურეს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე გამოძიებაა დაწყებული. უწყებაში დეტალებს არ განმარტავენ, თუმცა როგორც აუდიტის სამსახურის უფროსის აქამდე გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, რომ საქმე შესყიდვებს ეხება. თავად თავისუფალი დემოკრატები და მათი ლიდერი ირაკლი ალასანია პროკურატურის ფორსირებულ მოქმედებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. ალასანია იმასაც ამბობს, რომ ეს პროცესები არა სამართლიანი კანონების, არამედ, ერთი კაცის ნებაა.
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, რომელიც თავის მხრივ ხვალ პარლამენტში გამოსვლისთვის ემზადება. ალასანიას თქმით, შეხვედრისას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეების შესახებ ინფორმირებული იყო. შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
- თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ, ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე კი დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. ექვსივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ბრალდების მხარე კი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
- ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამინისტროსთან დაკავშირებული საქმეების ღიად გამოძიებას ითხოვს, თუმცა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალების ასლებს დღემდე ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აპირებენ, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვენ.
ფოკუსი




