გაბაშვილი: საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, შეცვალოს დამღუპველი პოლიტიკა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, საქართველომ ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით. 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე გაბაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, შეცვალოს "დამღუპველი, ე.წ დალაგების პოლიტიკა" რუსეთთან. 

"ის შემოთავაზებული ხელშეკრულებები, რომლებიც რუსეთმა წარმოადგინა ხელმოსაწერად, არის ფაქტობრივად მიერთება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ძალიან ხმამაღალი პროტესტი. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროტესტს ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, ხელისუფლება გართულია ჯერ კიდევ იმ მცდარი მიმართულებით, რასაც ჰქვია ურთიერთობის დალაგება ოკუპანტთან, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი ტაქტიკა და მიმართულებაა. ეს დალაგევა პრინციპში გულისხმობს კაპიტულანტობას, თავის დახრას ოკუპანტის წინაშე, შემრიგებლობას, შემგუებლობას, ოკუპანტისთვის პრობლემების არშექმნას - არც ქვეყნის შინით და არც საერთაშორისო ასპარეზზე. როცა ხელისუფლება ასეთ პოზიციას ადგას, როცა ხელისუფლება ასეთია, ასე იქცევა და მისი ნაბიჯები არის მხოლოდ საპირისპირო მიმართულების, საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა და აიძულოს ხელისუფლება, შეცვალოს ეს ჩვენი აზრით დამღუპველი პოლიტიკა. საერთაშორისო საზოგადოებამაც უნდა დაინახოს, რომ საქართველოსთვის სულ ერთი არ არის" - განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ნელ-ნელა ქრება საერთაშორისო რადარებიდან.

"საქართველოს აღარ ახსენებენ მაღალი დონის შეხვედრებზე. ქართული ოცნების ამ პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ დასავლეთს და რუსეთს შორის დაპირისპირებათა ჩამონათვალში საქართველოს არ იხსენიებენ, და თუ ქართულმა საზოგადოებამ არ მოახდინა აქტუალიზება საქართველოს საკითხისა, არ დაანახა მთელ მსოფლიოს და საკუთარ ხელისუფლებას, რომ მას გააჩნია ღირსების გრძნობა, პროტესტის გრძნობა, შეუძლია, ხმამაღლა დააფიქსიროს პოზიცია, თუ კიდევ ერთხელ არ ვანახეთ მთელ მსოფლიოს და საკუთარ თავს, რომ გვაქვს ძალა, უნარი, სიმტკიცე, რომ ამ სიტუაციაში ვიმოქმედოთ, როგორც საზოგადოებამ, ეს იქნება ძალიან ცუდი. მაგრამ მე მგონია, რომ მოვახერხებთ ამის გაკეთებას 15-ში და ყველა ერთად დავდგებით" - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები