საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "დამპყრობლის ილუზიის გასაფანტად, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი დაკარგული აქვს და ადვილი ლუკმაა, აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღოს". სააკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში 15 ნოემბრის აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბედი წყდება და მნიშვნელოვანია, ხალხი ამ აქციაზე გავიდეს.
"ეს არ არის რომელიმე პარტიის აქცია. საქართველოს მთავრობას რომ დაეგეგმა ეს აქცია, მე ვიქნებოდი პირველი, რომელიც მოუწოდებდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სიტყვა დაეჯერება, რომ შეერთებოდა ამ აქციას, სადაც იქნებოდა საქართველოს ევროპული არჩევნის დემონსტრირება. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთ-ერთი ორგანიზატორია, ეს მეასეხარისხოვანია, რადგან საქართველოს ბედი წყდება ამ წუთში", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს, 2008 წლისგან განსხვავებით, ბევრი ადამიანია, "რომელიც მზად არის პუტინს უმღეროს და უცეკვოს".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2008 წელს "პუტინი არ აპირებდა საქართველოს დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარის გაყვანას. თქვენ გახსოვთ, რომ თითქმის ნახევარი საქართველო ჰქონდა ოკუპირებული. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან ჯარი გაიყვანა იყო ის, რომ საქართველოში ვერ იპოვა მეხუთე კოლონა და მიხვდა, რომ ამ ორი ძირძველი მიწის იქით მას იმ მომენტში აღარ დაედგომებოდა". დღეს კი, სააკაშვილის შეფასებით, პუტინს სხვა შთაბეჭდილება აქვს.
"დღეს, როგორც არასდროს, ძლიერია მეხუთე კოლონა. 2008-ში მეხუთე კოლონა არ იყო. დღეს არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მზად არიან, მას უცეკვონ და უმღერონ. ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ უშიშროების საბჭოზე პუტინმა თქვა, რომ ქართველებს დიდხანს კონცენტრირება არაფერში შეუძლიათ. ეს არის მისი წარმოდგენა. დღეს მას ჰგონია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი დაკარგული აქვს და ის არის ძალიან ადვილი ლუკმა. დამპყრობლის ამ ილუზიის გასაფანტად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამოიღოს ხმა", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს აქცია მისთვის ღირსების აღლუმია.
"საქართველოს მთავრობამ აკრძალა აღლუმები ზუსტად ისე, როგორც იანუკოვიჩმა აკრძალა უკრაინაში. ჯერ ბურჯანაძემ სცადა "გრუს" დაფინანსებით აღლუმის ჩაშლა, შემდეგ ახალმა მთავრობამ აღლუმის ჩაშლა დააკანონა. ეს არის ჩემთვის ღირსების აღლუმი. გიორგი ანწუხელიძეს რომ გაეგო ქართული ფორმით გამოსვლა რუსთაველზე სამარცხვინო იქნებოდა ქართული მთავრობისთვის, მეორედ მოიკლავდა თავს. როდესაც მთავრობა ვეღარ ასრულებს ფუნქციას, ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს საზოგადოებამ", - აღნიშნა სააკაშვილმა.





