ანექსიის წინააღმდეგ 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციამდე ორი დღით ადრე ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. გია თევდორაძის ინფორმაციით საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს აქციაზე მისვლის შემთხვევაში სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. თევდორაძე ქუთაისის მერიას აქციის ორგანიზებისთვის ხელის შეშლაშიც ადანაშაულებს.
პრესკონფერენცია 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით დღეს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ოფისშიც გაიმართა. გიორგი ვაშაძის თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და სპეცსამსახურების თანამშრომლები სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს აშანტაჯებენ. მისი ინფორმაციით, წუხელ მძღოლები გააფრთხილეს, რომ თბილისში 15 ნოემბერს აქციაზე მოქალაქეები არ წაიყვანონ.




