თავდაცვის სამინისტრო

თორდია: თუ საქმეს ვკერავთ, მაშინ გამოდის, რომ წელიწადი და 4 თვეა ამას ვაკეთებთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას განცხადებით, "ჩემი და ჩემი უწყების ინტერესში ნამდვილად არ არის, რაიმე ტიპის პოლიტიკურ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა". ის თავისუფალი დემოკრატების წევრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აუდიტის სამსახურისგან თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების შედეგად არსებული მასალების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის ნაწილია. თორდიას თქმით, აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის ივლისში შევიდა.

"შესულები ვართ, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად. თავად ალასანია ითხოვდა. ასევე პარლამენტში იყო შეკითხვები თუ როდის შევამოწმებდით თავდაცვის სამინისტროს, ამიტომ თუ ახლა საუბარია ჩვენი მისამართით (რაც არ მგონია), რომ რაიმე ტიპის საქმეს ვკერავთ, მაშინ გამოდის, რომ წელიწადი და 4 თვეა ამ საქმეს ვკერავთ. ასე არ არის ნამდვილად. ეს მასალები არ უკავშირდება არც ე.წ. კაბელების და არც სამხედროების კვების თემას, ამასთან დაკავშირებით მასალები ამოიღო პროკურატურამ. ჩვენი მასალები სხვა თემას უკავშირდება, რომელიც ასევე შესყიდვებთანაა დაკავშირებული", - აცხადებს გენერალური აუდიტორი.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურს მასალების გადაგზავნა გუშინ უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ სთხოვა. საგანელიძის თქმით, "მაშინ, როცა საუბარია, რომ პროკურატურა ცალმხრივად ან მიკერძოებულად იკვლევს თავდაცვის სამინისტროში არსებულ აფქტებს, ამ დროს საინტერესოა, ვნახოთ ის მონაცემები, ის მასალები, რაც გააჩნია კონტროლის პალატას". მისი განცხადებით, "აღმოჩნდა, რომ ის მასალები, რაც ნახეს, საკმაოდ რთულია, ბევრი კითხვები გაჩნდა და ამიტომ გადასცეს პროკურატურას". საგანელიძე აღნიშნავს, რომ მან მოითხოვა და "ამის უფლებაც აქვს პარლამენტს, რომ მოისმინოს ანგარიში ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, ის თემები, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს, იყოს მოწოდებული ნდობის ჯგუფისთვის". 

თავისუფალი დემოკრატების წევრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აუდიტის სამსახურისგან თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების შედეგად არსებული მასალების მოთხოვნა "პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან, ალასანიას პოლიტიკურ დევნას". მისი თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები "იმსხვრევა და ახლა არის მცდელობა, რომ მოხდეს საქმების შეკერვა".

კომენტარები