საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

თამარ ბერუჩაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

NETGAZETI.GE

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ბრიუსელში პრემიერმინისტრის ვიზიტს და თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირსა და NATO-სთან.

თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ელჩთან შეხვედრაზე რეგიონში შექმნილ ვითარებასა და უკრაინის კრიზისზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა:

"ჩემთვის პატივია მინისტრ ბერუჩაშვილთან პირველი შეხვედრა. მან თქვა, რომ საქართველოს საგარეო კურსი გრძელდება - ის დაფასება, რომელიც აქვს საქართველოს აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. ის ასევე გეგმავს პრემიერმინისტრთან ერთად ბრიუსელში ვიზიტს და ევროპულ საბჭოსა და NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას. საქართველო შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი საშიში სიტუაციით. ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ კითხვებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩემი მესიჯი იყო იგივე, რაც წინა მინისტრის დროს. ჩვენ 100%-ით საქართველოს გვერდზე ვართ, ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ გავუმკლავდეთ გამოწვევებს ერთად", - თქვა ნორლანდმა.

კომენტარები