აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ნორლანდი: საქართველოსადმი ინტერესი კვლავ ძალიან დიდი რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, "საქართველოს დემოკრატიის გარდამავალი პერიოდის მიუხედავად, საქართველოსადმი ინტერესი კვლავ ძალიან დიდი რჩება". ნორლანდმა თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ "ჩვენ შესანიშნავი თანამშრომლობა გვქონდა მის წინამორბედთან, ქალბატონ მაიასთან და ველით, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება, მაშინ როცა საქართველო აგრძელებს წინსვლას ევროატლანტიკური სურვილების მისაღწევად".

ნორლანდის თქმითვე, "ძალიან ვაფასებთ და დიდი პატივია, რომ მინისტრის ოფისი უკვე დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ჩვენი შეხვედრა დანიშნულია მას შემდეგ, რაც თბილისში დავბრუნდები, სავარაუდოდ, ხვალ დილას".

აშშ-ის ელჩი კახეთში იმყოფებოდა, სადაც ტეხასური ხორბლის მოყვანის შესახებ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. ცნობისთვის, კახეთის რეგიონში ტეხასური ხორბლის მოყვანა იგეგმება. პროექტს კომპანია ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი ახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის საბოლოო მიზანია საუკეთესო მარცვლეულის შერჩევა და კახეთისთვის ოპტიმალური ხორბლის ჯიშის გამოყვანა. ფრონტერაში ირწმუნებიან, რომ ეს  გენეტიკური მოდიფიცირების გარეშე მოხდება. ფრონტერასვე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მომავალი სავეგეტაციო სეზონისთვის დაახლოებით 20 ჰექტარ მიწაზე ხორბლის სხვადასხვა სახეობის დათესვას.

კომენტარები