პრემიები

2013 წელს ყველაზე მეტი პრემია იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასცა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2013 წელს რეგიონებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი პრემიები, ჯამში 111 009 ლარი, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასცა. აქედან, გუბერნატორმა და მისმა ოთხმა მოადგილემ - 25 215 ლარი, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა - 85 794 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებმა კი, 5 300 ლარი მიიღეს. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ავტომობილების (სულ 17 ავტომანქანა) საერთო ღირებულებამ 252 409 ლარი შეადგინა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2013 წელს პრემიის სახით გასცა - 103 945 ლარი. აღნიშნული თანხიდან გუბერნატორმა და მისმა მოადგილეებმა - 14 810 ლარი, ხოლო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმა - 89 135 ლარი მიიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საერთო ღირებულებით 261 840 ლარი.

გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წელს გაიცა - 69 370 ლარი პრემია, მათ შორის გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე - 10 200 ლარი, ხოლო თანამშრომლებზე სულ - 59 170 ლარი. 2013 წლის 1 იანვრისათვის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 10 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საერთო ღირებულებით - 194 020 ლარი. 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს გაცემული პრემიის ოდენობა ჯამში შეადგენს 51 448 ლარს, მათ შორის გუბერნატორსა და მის სამ მოადგილეზე გაიცა 13 488 ლარი, საიდანაც სახელმწიფო რწმუნებულმა მიიღო - 4 056, ხოლო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმა - 37 960 ლარი. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით ირიცხება 8 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საერთო ღირებულებით 265 696 ლარი. 

2013 წელს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიცა 38 432 ლარი პრემია, საიდანაც გუბერნატორსა და მის მოადგილეებს გადაეცათ 10 182 ლარი, ხოლო თანამშრომლებს - 28 250 ლარი. 36 445 ლარი შეადგინა ადმინისტრაციის მიერ გაცემულმა სახელფასო დანამატმა, აქედან 28 700 ლარი გაცემული იყო გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე, ხოლო 7 745 ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. IDFI აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი თანხა 26 200 ლარი, სახელფასო დანამატის სახით გაიცა ზურაბ ჭიაბერაშვილის სახელზე.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, 2013 წელს გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე გაიცა 8 333 ლარი პრემია. ხოლო თანამშრომლებზე - 46 637 ლარი. ადმინისტრაციამ ჯამში გასცა 54 970 ლარი პრემია. ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 26 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საერთო ღირებულებით 689 013 ლარი.  

ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წელს გაცემულია - 95 550 ლარი პრემიის სახით, საიდანაც გუბერნატორსა და მის მოადგილეებს დაერიცხათ - 20 700 ლარი, ხოლო თანამშრომლებს - 74 850 ლარი. ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 5 ავტომობილი, საერთო ღირებულებით - 47 850 ლარი.

რაც შეეხება შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას, აქ პრემიის სახით გაიცა 61 884 ლარი, გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე - 42 180 ლარი, ხოლო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებზე - 19 704 ლარი. ადმინისტრაციის ბალანსზე 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით ირიცხება 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საერთო ღირებულებით - 218 949ლარი. 

კომენტარები