სამცხე-ჯავახეთი

რუსეთის ჯავახკის დიასპორა: საქართველო დაშლის საფრთხის წინაშეა

რუსეთის ჯავახკის დიასპორა მიიჩნევს, რომ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვის და დაშლის საფრთხის წინაშეა. დიასპორა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება ახლოვდება, რაც ქვეყანას საბოლოო გაქრობისკენ მიიყვანს. დიასპორა ასევე თვლის, რომ გადატრიალების შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთი სუვერენულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს.

"ძვირფასო თანამემამულენო!

საქართველო საფრთხეშია! ჩვენ საჯაროდ და არაერთხელ გაფრთხილებდით საქართველოს მიერ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის და მისი დაშლის საფრთხეზე და აი, უკვე სახეზეა ამის გარკვეული აშკარა ნიშნები. ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყნის მტრების მიერ შემუშავებულია მოქმედებათა გეგმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ინიცირების, ხელისუფლების შეცვლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად. საქართველოში ახლოვდება ახალი რევოლუცია, ან გულწრფელად რომ ვთქვათ - სახელმწიფო გადატრიალება, რაც ქვეყანას აპრიორი საბოლოო გაქრობისკენ მიიყვანს.

ამასთან დაკავშირებით მოგიწოდებთ:

ა) ყველა საშუალებით და ხერხით დაუჭიროთ მხარი საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით; არ აყვეთ პროვოკაციულ მოწოდებებს და უარი თქვათ ყველა სახის მასობრივ შეკრებებსა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე, რომლებიც ინსინუირებულია მოსყიდული ქართველის ან სხვა ლიბერასტების მიერ;

ბ) საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორია გამოცხადდეს სუვერენულ ტერიტორიად, რომელიც არ განეკუთვნება არცერთ სახელმწიფოს;

- ხელისუფლების ახალი, ლეგიტიმური ორგანოების ფორმირებამდე შეიქმნას მხარის დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები;

- უარი ითქვას დასავლეთის მიერ დანერგილ და იძულებით თავსმოხვეულ ე.წ. კოჰაბიტაციაზე და დაიშალოს მხარეში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია;

- განხორციელდეს საჯარო ლუსტრაცია და მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს, ვინც დამნაშავეა ქვეყნის დაშლაში", - წერია განცხადებაში.

კომენტარები