ბერლინის კედელი

გერმანიის დედაქალაქში ბერლინის კედლის დაცემის 25 წლისთავი აღნიშნეს

Fabrizio Bensch / Reuters

ბერლინის კედლის დაცემის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გერმანიის დედაქალაქში გრანდიოზული სანახაობით დასრულდა. კედლის გასწვრივ 15 კილომეტრზე განთავსებული მანათობელი საჰაერო ბურთები ჰაერში გაუშვეს. ბერლინის სახელმწიფო ორკესტრმა ბეთჰოვენის სიხარულის ოდა შეასრულა.

როგორც ცერემონიამდე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, ბერლინის კედლის დაცემის წლისთავი გზავნილია უკრაინისთვის, ერაყისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანის უფლებები საფრთხეშია, რომ სხვა კედლებიც დაეცემა. თავის მხრივ, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ევროპა მშვიდობისა და დემოკრატიის დასაცავად უნდა გაერთიანდეს. თარიღის საზეიმო აღნიშვნაში საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც დასავლეთს რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდა. ბერლინის კედელი 1989 წელს დაეცა, რაც სოციალისტური ბანაკის რღვევის დასაწყისი გახდა. ერთ წელიწადში კი, გერმანია ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა. 

კომენტარები