საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთში შექმნილ ვითარებას, კერძოდ, ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რომლის გაფორმებასაც რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთთან გეგმავს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს პირდაპირი ნაბიჯია აფხაზეთის ანექსიისკენ.

გიორგი მარგველაშვილმა პიტერ სიიარტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს დღეს ასევე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემები ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მთავრობის მეთაურმა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და NATO-ს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით აქტიურად მუშაობს.

საუბრისას ხაზი გაესვა ბიზნესებს შორის თანამშრომლობის და საქართველო-უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.

კომენტარები