ფოკუსი

6 ნოემბერი, 2014

- ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური - დღის დასაწყისში ასე დაახასიათა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ღარიბაშვილი საზოგადოებასა და თავისუფალ დემოკრატებს სიურპრიზებსაც დაპირდა და გუშინდელ დღემდე მისი თანაგუნდელი ირაკლი ალასანია ნაციონალური მოძრაობის წევრთა მფარველობაში დაადანაშაულა.
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები დილიდან შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა - მისი თქმით, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს არაფერი ემუქრება. დღეს პარლამენტში საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები იყო - უმრავლესობის წევრთა ნაწილიც კი ღარიბაშვილს ტონს უწუნებდა.
თავისუფალი დემოკრატები კი ამბობენ, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა თავად მას დააზიანებს.
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე არამარტო საქართველოში საუბრობენ : მოსკოვში ყურადღებით აკვირდებიან ცვლილებებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში, აანალიზებენ სიტუაციას და გამოაქვთ სათანადო დასკვნები - ამის შესახებ სააგენტო итар тасс-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.
- მინისტრების გადადგომასა და გადაყენებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსკოვზე ადრე გამოეხმაურნენ. სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას მოუწოდებს, გააქარწყლოს იმის აღქმა, რომ სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. თავდაცვის, საგარეო და ევროინტეგრაციის მინისტრთა მთავრობიდან წასვლას სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებით ეხმიანება.
მართლმსაჯულების შურისძიების იარაღად გამოყენების ბოლო 2 წლიან პრაქტიკაზეა საუბარი ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.
- რა ბედი ეწევა ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებს და ვინ რჩება მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში? რამდენიმე დეპუტატის საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობისთვის 76 დეპუტატია აუცილებელი, მმართველ კოალიციას კი ამ ეტაპზე მხოლოდ 73 ჰყავს.

კომენტარები