აშშ-საქართველოს ურთიერთობა

უსუფაშვილი სახ.დეპ-ის შეშფოთებაზე: ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი

Jamestown.org

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დღეს გამართულ ბრიფინგზე ტაბულამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი განცხადების შესახებ ჰკითხა, სადაც საქართველოს მთავარი პარტნიორი ალასანიასა და სხვა მინისტრების გადადგომის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. კითხვაზე, რა პასუხი აქვს დასავლელი პარტნიორების შეშფოთებაზე და ხომ არ ფიქრობს, რომ პროდასავლელი მინისტრების გადადგომა, იმ შეშფოთების ფონზე, რაც ისედაც არსებობდა, გარეშე თვალისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესებს პირდაპირ ამგვანებს უკრაინას, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:

"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რაიმე ემსგავსება უკრაინას. მე მოგახსენეთ, რომ ის რაც მოხდა არ იყო სასურველი. და ჩვენი მეგობრები აშშ-ში და სხვაგანაც, ღიად, მეგობრულად, მიგვანიშნებენ იმაზე, რომ ამდაგვარ საკითხებს უნდა გავუმკლავდეთ უკეთ. ამ ნაწილში რა თქმა უნდა შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ვაშინგტონიდანაც და ბევრი სხვა ქვეყნიდანაც, რომლებიც გარკვეული შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს განვითარებულ მოვლენებს.

ამას ხელი შეუწყო გაკეთებულმა განცხადებებმა თუ, კითხვა-პასუხმა თუ საპასუხოდ გაკეთებულმა რეაქციებმა და ა.შ ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი. მაგრამ დარწმუნებული ვარ რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში გაირკვევა ყველასთვის, კონკრეტული მოქმედებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით, კონკრეტული ნაბიჯებით საქართველოს მთავრობის მხრიდან, ახალი მინისტრების მხრიდან, ზოგადად ქვეყნის პოზიციების განმსაზღვრელი ადამიანებისა თუ ორგანოების მხრიდან და ეს შეშფოთება დარწმუნებული ვარ გაივლის.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად და თავისით გაივლის ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური სისტემის დახვეწას სჭირდება, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მეტ დემოკრატიზაციას სჭირდება, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი პარლამენტის მეტ ეფექტურობას სჭირდება და ზოგადად, სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესწრეებისთვის იყოს ძალიან ცხადი და დამაჯერებელი ის, რომ ქვეყანა არის სტაბილური, რომ ქვეყანაში ხდება გარკვეული ცვლილებები, ზოგჯერ მთავრობის შეცვლაც ხდება, ზოგჯერ მთავრობის წევრის შეცვლაც ხდება არჩევნებია, რიგგარეშე არჩევნებია, მაგრამ ეს ყველაფერი არის ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილი, კონსტიტუციური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არ ემუქრება საფრთხე არავის და არაფერს. არც ინვესტიციებს, არც მოქალაქეების ჩამოსვლას საქართველოში, არც ჩვენს პარტნიორებთან პარტნიორულ ურთიერთობას, არც ჩვენ მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ და ამგვარ საკითხებს გავუმკლავდეთ, ისე როგორც ამას უმკლავდებიან ცივილიზებულ სახელმწიფოებში. აშშ-ში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სენატში რესპუბლიკელებმა მიიღეს უმრავლესობა. ამის გამო არავის ექმნება განცდა, რომ ამერიკაში დაიწყება რაღაც ცუდი პროცესები და შეიცვლის ძირითად კურსს და ა.შ ჩვენც უნდა ჩავდგეთ იმ ქვეყნების რიგში, სადაც პოლიტიკური პროცესები არის ცივილურ ჩარჩოებში, კონსტიტუციურ ჩარჩოებში" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობის წევრთა დათხოვნისა და გადადგომების შესახებ დღეს განცხადება გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აჩვენოს, რომ ის დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს აღქმაზე, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გადადგას ნაბიჯები, რომლითაც ამ აღქმას გააქარწყლებს.

კომენტარები