ფოკუსი

5 ნოემბერი, 2014

- ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, დღეს უკვე მაია ფანჯიკიძე მისი გუნდით - მინისტრთა კაბინეტს სამი წევრი გამოაკლდა. ყველაფერი ირაკლი ალასანიას გადაყენებას მოჰყვა - რასაც წინ უძღვოდა პროკურატურის გამძაფრებული ინტერესი მისი სამინისტროს მიმართ და თავდაცვის უწყების მარალჩინოსნების დაკავება. თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია დატოვეს, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა - გადამდგარი მინისტრები ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე შეტევაზე საუბრობენ, პრემიერი ყოფილ თანაგუნდელებს საბოტაჟში ადანაშაულებს.
- მინისტრთა კაბინეტი 3 მინისტრმა დატოვა თუმცა მხოლოდ ერთის შემცვლელის ვინაობაა ცნობილი - თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება. ჯანელიძე ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი უკვე უშიშროების საბჭოს ალტერნატივის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა.
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, რომ მას თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის დიდი ნაწილი ქვეყნის პრემიერმინისტრმა გააცნო - პროკურატურაში კი ამბობენ, რომ პრემიერს საქმეზე მასალები კონტრდაზვერვის დასკვნის მიხედვით გადასცა.
- საქართველოს მთავრობის კანცელარიის მტკიცებით, არც კანცელარიას და არც მის დაქვემდებარებაში არსებულ ვებგვერდს Agenda.ge-ს International New York Times-ში დავით უსუფაშვილის სარეკლამო სტატიის გამოქვეყნებისთვის თანხა არ გადაუხდია - ამის შესახებ ტაბულას მთავრობის კანცელარიიდან ოფიციალური წერილით აცნობეს. ტაბულამ მთავრობის ადმინისტრაციიდან უსუფაშვილის წერილზე ინფორმაცია 20 ოქტომბერს გამოითხოვა.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელები გამარჯვებას ზეიმობობენ - რესპუბლიკური პარტია კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს. გუშინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რესპუბლიკური პარტია სენატის 54 %-ს აკონტროლებს - პრეზიდენტ ობამას როგორც სჩანს, მოუწევს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადახედვა.

კომენტარები