ევროპარლამენტი

ენმ: ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შეფერხება პუტინს აძლევს ხელს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის შეფერხება სწორედ პუტინს აძლევს ხელს". ამიტომ, მისი თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ჭიაბერაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელი სხდომა შეფასა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა მკაცრი განცხადებები გააკეთეს საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი მეგობრები ევროპაშიც, ამერიკაშიც სვამენ კითხვას - ხომ არ აცდა საქართველო განვითარების ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ გზას. და თუ მთავრობამ პოლიტიკა სერიოზულად არ შეცვალა, შეიძლება, ერთ დღეს სწორედ წითელ ხაზებამდე მივიდეთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოხსენებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჰერბერტ სალბერი გამოდიოდა, სახალხო პარტიის დეპუტატებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების წინ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.

კომენტარები