საქსტატის მონაცემების მიხედვით, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, პროდუქტების ჯგუფებიდან ფასების ყველაზე მაღალი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე დაფიქსირდა. ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8%-ით არის გაზრდილი. ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 35%-ით არის გაზრდილი. ხილსა და ყურძენზე ფასების 10,8%-იანი მატებაა. კვერცხსა და რძის პროდუქტებზე კი წინა წელთან შედარებით 8,6%-იანი ზრდაა. საკვები პროდუქტებიდან ფასები ზეთსა და ცხიმზე 4,7%-ით არის შემცირებული.
მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე სურსათის გაძვირებამ 2.4%-იანი გავლენა იქონია.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წინა წელთან შედარებით ფასები 5,6%-ით არის გაზრდილი. ფასების 10,6%-იანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე, ასევე ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ფასები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 6,4%-ით არის შემცირებული. წინა წლის ოქტომბერთან შედარებით კავშირგაბმულობის სექტორში ფასები 0,8%-ით არის შემცირებული.