პენსიის რაოდენობის ზრდა

ხადური: 2015 წელს პენსია სოციალურად დაუცველებისთვის გაიზრდება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წლის 1 სექტემბრიდან "პენსია სოციალურად დაუცველებისთვის 25 ლარით გაიზრდება". მისივე თქმით, პენსიის ზრდა 2016 წელსაც იგეგმება, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხება. ხადური აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი პირველ ვარიანტთან შედარებით, დაახლოებით 170 მილიონი ლარით გაიზარდა.

"დაფინანსება გაეზარდა ბევრ უწყებას, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით 25 მილიონით არის გაზრდილი. აქედან, ნაწილი მომავალი წლის 1 სექტემბრიდან  სოციალურად დაუცველებისთვის პენსიის ზრდას მოხმარდება. ქულების ანუ იმის მიხედვით, როგორ სოციალურ დახმარებას იღებენ, მაქსიმალური ზრდა თვეში 25 ლარი იქნება. ამ ეტაპზე ასეა გათვალისწინებული. 2016 წელსაც იქნება ზრდა, რომელიც ყველას შეეხება. თავდაცვის, სპორტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 მილიონი ლარით გაეზარდა დაფინანსება. ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით, ხოლო მაღალი კატეგორიის მასწავლებლებისთვის 200 ლარით გაიზრდება", - განაცხადა ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პენსიების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო. მისი თქმით, თუ 2015 წელს პენსია გაიზრდება, მაშინ ეს საგარეო ვალის ხარჯზე მოხდება.

"თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ პენსია გაზარდოს, რამდენითაც არ უნდა გაზარდოს, 5 ლარი იქნება, 10 ლარი თუ 25 ლარი, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობას ამის გაკეთება მოუწევს საგარეო ვალის ხარჯზე. სავარაუდოდ, მოაკლებენ თანხებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და გადაისვრიან სოციალურ ხარჯებზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება და მომავალ წელს კიდევ უფრო გაჭირდება პენსიის გაცემა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები