პალესტინა

შვედეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

thenextweb.com

შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. ქვეყნის ახალმა პრემიერმინისტრმა სტეფან ლევენმა ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, ისრაელის პროტესტის მიუხედავად, შეასრულა დაპირება, რომელიც მან წინასაარჩევნოდ გააკეთა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგო ვალსტრომის თქმით, შვედეთი იმედოვნებს, რომ მისი კარგი ურთიერთობა ისრაელთან შენარჩუნდება და გადაწყვეტილებას იერუსალიმი კონსტრუქციულად შეხვდება.

პალესტინელი ლიდერები მიესალმნენ შვედეთის ნაბიჯს, რომელმაც შეშფოთება და კრიტიკა ისრაელის გარდა ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც გამოიწვია.

გადაწყვეტილების პასუხად, ისრაელი აპირებს შვედეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვიოს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა შვედეთის გადაწყვეტილება ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში გააკრიტიკა. მისი აზრით, მსგავსი ნაბიჯები გააძლიერებს პალესტინის დაუმორჩილებლობას და რადიკალიზმის ელემენტებს. მან ასევე შეახსენა შვედეთის მთავრობას, რომ ახლო აღმოსავლეთში ურთიერთობები უფრო კომპლექსურია, ვიდრე სკანდინავიური ავეჯის ფირმა Ikea-ში.

„შვედეთის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთში უფრო კომპლექსურია, ვიდრე Ikea-ში ავეჯის ნაწილებთან დაკავშირებით და კარგი იქნება, თუ ამ კუთხით უფრო სენსიტიურად და პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ“, - წერს მინისტრი.

შვედეთის პრემიერმა 3 ოქტომბერს, პარლამენტის წინაშე საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოიფხვრება, თუ ორივე მათგანს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოს სტატუსი ექნება.

პალესტინა გაეროს წევრ სახელმწიფოთა 70%-ს აქვს აღიარებული. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პალესტინას ევროკავშირის წევრი შვიდი სახელმწიფო აღიარებს. ესენია ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი და რუმინეთი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პალესტინას მხოლოდ ისლანდია აღიარებს, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

ოქტომბერში, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო პალესტინის დიპლომატიური აღიარებისთვის, მაგრამ პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი აღიარებას ეწინააღმდეგება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა რომაინ ნადალმა აღნიშნა, რომ „საფრანგეთს მოუწევს პალესტინის აღიარება“, თუმცა მას არ დაუზუსტებია, როდის შეიძლება ეს ნაბიჯი გადაიდგას.

საქართველომ პალესტინის სახელმწიფო 1992 წელს აღიარა.

კომენტარები