- ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დაკითხვები მიმდინარეობს - ამ დროისთვის კითხავენ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელს ნიკა მემანიშვილს, ხვალ კი ამავე ასოციაციის წარმომადგენელს ალექსანდრე კობაიძეს დაკითხავენ, რომელიც დღეს ე.წ მოდულის შენობაში ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა.
- შაქრო კალაშოვი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი და მაფიოზი თავისუფალია. კალაშოვი რუსეთს ესპანეთმა გადასცა, ის მოსკოვში დილით ჩავიდა და რუსმა სამართალდამცავებმა მალევე გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ შაქრო კალაშოვის ექსტრადიციას საქართველოც ითხოვდა - მას ქართულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- დღეს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, პროკურატურა მათ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.
- მოსკოვსა და ცხინვალის მარიონეტ რეჟიმს შორის ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილავდნენ - ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მავნებლური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს, უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება რათა აფხაზეთისა და ცხინვალის ფაქტობრივი ანექსია არ მოხდეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია გრასი კი ხელისუფლებას ანტი -ანექსიური სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
- თავისუფალი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და NGO-ები ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას ეწინააღმდეგებიან. გუშინდელი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის საკუთარი, უკვე წერილობითი ვარიანტი წარადგინეს - არასამთავრობოების პროექტი ე.წ. გასაღების როგორც სასამართლოსთვის ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის გადაცემას გულისხმობს. ამ პროექტს მხარს საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობის ნაწილი უჭერს.
ფოკუსი




