ფოკუსი

28 ოქტომბერი, 2014

- სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტი იმის ანალოგიური იქნება, რომლის გაფორმებასაც მოსკოვი სოხუმთან გეგმავს. ამის შესახებ, სააგენტო ოსრადიოს ცნობით, ცხინვალის ე. წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
- პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ მოკავშირეობის ხელშეკრულებასა და მის თანმდევ საფრთხეებზე იმსჯელეს.
სხდომას პრემიერმინისტრიც დაესწრო.
- მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა. გამოძიება მათ 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს განზრახული ჰქონდათ საბიუჯეტო თანხების გაფლანვა კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში ამ უკანასკნელს გაემარჯვა. მომხდარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც.
- ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა - თავისუფალი თაობის წევრებმა მორიგ ჯერზე გააპროტესტეს ნაციონალური მოძრაობის არსებობა და მიხეილ სააკაშვილის გასამართლება მოითხოვეს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექტემბრის თვის, ასევე 2014 წლის 9 თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების მტკიცებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბრის თვეში დანაშაული თორმეტნახევარი პროცენტით შემცირდა.
- ხმაურიანი განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე - პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღების შესახებ კანონპროექტის განხილვა შესაძლოა მომავალი წლის გაზაფხულამდე გადაიდოს. დეპუტატ შალვა შავგულიძის ინიციატივას არ ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პრემიერს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვენ.

კომენტარები