ოკუპირებული ტერიტორიები

ფანჯიკიძე ცხინვალისა და რუსეთის ხელშეკრულებაზე: რეაგირება შესაბამისი იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია აქვს და რეაგირება შესაბამისი იქნება.

„ჩვენ გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია და შესაბამისი იქნება ჩვენი რეაგირება. როგორიც იყო ამ ხელშეკრულებაზე, ისეთი იქნება სხვაზეც და საერთოდ, საქართველოს ანექსიის მცდელობაზე" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტი იმის ანალოგიური იქნება, რომლის გაფორმებასაც მოსკოვი სოხუმთან გეგმავს. სააგენტო ოსრადიოს ცნობით, ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია. ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მისწრაფებას, რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს არ ასახავს", - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას ხელი წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს.

კომენტარები