ლიტვა-საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ლიტვის პარტნიორული ურთიერთობები, საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები იყო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლიტვის მთავრობას განსაკუთრებულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებასთან. მისივე განმარტებით, ლიტვის მთავრობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიტვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას და მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრად მიიჩნევდა. ასე ახსნა ღარიბაშვილმა ის კრიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ლინას ლინკევიჩუსმა გამოთქვა.

"ეს ნორმალურია, ეს არის ჩვეულებრივი. მარტივად აგიხსნით, ეს არის სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელთაც აქვთ გარკვეული მეგობრული ვალდებულებები და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუნდაც ომი. ზოგიერთი მოქალაქისთვის იყო აბსოლუტურად შემზარავი იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომში, მათ შორის, გაქცეული მთავარსარდალი და ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად და მკაცრად შეაფასებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები