სავიზო რეგულაციები

წულუკიანი: უცხოელებს საშუალება აქვთ, 2015 წლის მარტამდე საბუთები მოაწესრიგონ

თეა წულუკიანი

საქართველოს მთავრობამ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ეს ცვლილებები იმ უცხოელებს ეხებათ, რომლებმაც მარტიდან სექტემბრამდე საბუთების მოწესრიგება ვერ მოასწრეს. ამისთვის მათ 2015 წლის მარტამდე დრო ეძლევათ. მისი განცხადებით, მათ ამისთვის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება არ მოუწევთ.

"მათ ექნებათ საშუალება, იუსტიციის სახლში აიღონ შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, თუკი ამისათვის საკმარისი საბუთები ექნებათ. დღეს ასევე დამტკიცდა ცვლილება - ყველა ინგილოს, თუ სხვა ჩვენი ქვეყნის შვილს, თუკი ექნება თანამემამულის სტატუსი, შეეძლება სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს, თან ისე, რომ არ მოუწიოს თავის ქვეყანაში წასვლა. ეს შეღავათები მოგვცემს საშუალებას, რომ უცხოელებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, საკუთარი საბუთები პირველ მარტამდე მოაწესრიგონ და თანაც ისე, რომ ჩვენი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან არ დაზიანდეს", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ტურისტებისთვის არაფერი არ იცვლება, რადგან ტურისტული, 90-დღიანი ვიზის აღება ისედაც ძალიან მარტივია. ცვლილებებია მხოლოდ სატრანზიტო სატვირთო მანქანების საქართველოს ტერიტორიაზე გაჩერებასთან დაკავშირებით - სატვირთო მანქანების 5-დღიანი სატრანზიტო ვიზა გახდება 10-დღიანი, და იმ შემთხვევაში, თუ მათ მანქანა გაუფუჭდათ საქართველოს ტერიტორიაზე, მშვიდად შეძლებენ მის შეკეთებას.

კომენტარები