სავალდებულო ატესტაცია

ენმ მერიის თანამშრომლების ატესტაციის გასაუბრების ეტაპის ვიდეოგადაღებას ითხოვს

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მერიის თანამშრომლების ატესტაციის მეორე - გასაუბრების ეტაპის ვიდეოგადაღებას ითხოვს. მათი განცხადებით, ისინი ითხოვდნენ ამ ეტაპის გაუქმებას, რაც აღკვეთდა "ფაქტებით დადასტურებულ სუბიექტურობას თბილისის მთავრობის წევრების მხრიდან", თუმცა, საკრებულოს სხდომაზე ქართული ოცნების უმრავლესობამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

"ქ. თბილისის მერიაში დაგეგმილ ატესტაციასთან დაკავშირებით საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციებმა მერიის თანამშრომელთა ატესტაციის ერთ ეტაპად, მხოლოდ ტესტირების გზით ჩატარებას მოითხოვეს. ამას განაპირობებდა თბილისის მთავრობის ის უკანონო ქმედებები, რომლებიც ხორციელდებოდა თანამშრომლების მიმართ დანაშაულებრივი ზეწოლა პროფესიონალ თანამშრომლებზე, მოთხოვნით, დაეწერათ განცხადებები და "საკუთარი ნებით" წასულიყვნენ სამსახურებიდან. ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი გულისხმობდა გასაუბრების, როგორც მოხელის კვალიფიკაციის შემოწმების ეტაპის გაუქმებას, რაც აღკვეთდა ფაქტებით დადასტურებულ სუბიექტურობას თბილისის მთავრობის წევრების მხრიდან. საკრებულოს სხდომაზე მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ალტერნატიულ დებულებას "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მხარი არ დაუჭერა.

ამავე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საატესტაციო კომისიის მუშაობის ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, კომისიის შემადგენლობაში ჩართული ყოფილიყვნენ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები. თუმცა აღნიშნულიც, სამწუხაროდ, ცარიელ სიტყვებად დარჩა და 30-კაციან საატესტაციო კომისიაში ოპოზიციის თუნდაც ერთი წარმომადგენილისთვისაც კი არ მოინახა ადგილი.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისი" და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ადამიანის შრომის უფლებების დაცვის და თბილისის მოხელეთა ატესტაციის მეორე ეტაპის - გასაუბრების ობიექტურად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, მოვითხოვთ გასაუბრება ჩატარდეს უწყვეტი ვიდეოჩაწერის რეჟიმში. აღნიშნულმა უნდა უზრუნველყოს საატესტაციო კომისიის მხრიდან სუბიექტივიზმის გამოვლენის შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შემცირება და გასაუბრების ეტაპზე მოხელის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, განსაზღვრა/გამოვლენის პროცედურების ჯეროვნად წარმართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისი" და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში, ჩატარდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზედაც უნდა იქნეს განხილული აღნიშნული წინადადება", - წერია ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები