ჟენევის მოლაპარაკებები

ფანჯიკიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჟენევის ფორმატს საფრთხე არ დაემუქროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჟენევის ფორმატს საფრთხე არ დაემუქროს. მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის დიალოგი ჟენევის დისკუსიებს ვერ ჩაანაცვლებს.

"რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდამ არის იმის მცდელობა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან შეიცვალოს მისი ფორმატი, მაგრამ საქართველოს ინტერესებშია ამ ფორმატის ასე შენარჩუნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჟენევის ფორმატს საფრთხე არ დაემუქროს. აბაშიძე-კარასინის დიალოგი არის სულ სხვა რამ. ეს დიალოგი ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს ჟენევას, რომელიც არის უსაფრთხოების და დევნილების საკითხების მოსაგვარებლად შექმნილი", - აცხადებს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, ჟენევის მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაიშალოს. ამის მიზეზად ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება სახელდება. ქართული მხარის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება მოლაპარაკებების პროცესს საფრთხეს შეუქმნის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლით ქართული მხარეა დაინტერესებული.

კომენტარები