მუსლიმი თემი

შსს: სოფელ მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან 14 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან 14 პირი დააკავეს. აქედან 11 მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლითაა დაკავებული, ხოლო სამი - სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით.

შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულ 11 პირს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულებს, სამ პირს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული. ისინი ცოცხალი ჯაჭვით იცავენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოებს, რომელმაც წარსულში მუსლიმური თემის კუთვნილი საკულტო ნაგებობა უნდა დაანგრიოს და იმავე ადგილას კულტურის ცენტრი ააშენოს. ამ დროისთვის შენობის დასუფთავება მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, შესაძლოა მალე დემონტაჟიც დაიწყონ.

კომენტარები