18 ოქტომბერს, ყაზბეგის ქუჩა N 28-ში, ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილები არიან პოლიციელი და მოქალაქე. პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოცხალია თუ არა მოქალაქე, ჯერ ცნობილი არ არის.
თვითმხილველების თქმით, პატრული ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად გამოიძახეს. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ძალადობდა მეუღლეზე, რის გამოც, მისამართზე პატრულის ეკიპაჟი მივიდა. პატრულის ადგილზე გამოცხადების შემდეგ დაიწყო ორმხრივი სროლა, რის შედეგადაც დაიჭრა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მოძალადე ქმარი.

ფოტო: ტაბულა
საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც, რომელიც კომენტარს არ აკეთებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, მურადაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პერსპექტიული.




