დავით უსუფაშვილის სტატია

Int. New York Times საქართველოს მთავრობას მცდარი ინფორმაციის გასწორებას სთხოვს

International New York Times ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოცემა დაუკავშირდა agenda.ge-ს და ითხოვს, გასწორდეს ინფორმაცია, თითქოს International New York Times-მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია გამოაქვეყნა.

International New York Times ამბობს, რომ agenda.ge-ს მიერ დაკვეთილი ტექსტი განთავსდა როგორც რეკლამა სარეკლამო გვერდზე, შესაბამისი გრაფიკით, გამოცემის სარეკლამო რეგლამენტის დაცვით.

საგულისხმოა, რომ ტაბულასთან საუბარში agenda.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ნატა ამაღლობელმა ჯერ უარყო, რომ ფული გადაიხადეს პარლამენტის თავმჯდომარის წერილის განთავსებაში, შემდეგ კი გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

აღსანიშნავია, რომ agenda.ge მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულია. მას დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი არ გააჩნია.

სარეკლამო სტატია სათაურით "სააკაშვილს მისი წარსული სდევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი" International New York Times-ში 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტექსტში ხოტბას ასხამს ბიძინა ივანიშვილს, როგორც სამშობლოსთვის თავგანწირულ რიგით ჯარისკაცს, ამტკიცებს, რომ ის არ არის პუტინის თანამზრახველი და აკრიტიკებს ნაციონალურ მოძრაობას.

ტაბულა კომენტარისთვის agenda.ge-ს მთავარ რედაქტორს, პრემიერის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს დაუკავშირდება და ინფორმაციას მოგაწვდით.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენებისთვის დაპატიმრებული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

სარეკლამო სტატიაში უსუფაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს.

სარეკლამო გვერდზე ასევე ვკითხულობთ - “ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, ტალანტი, ნიჭი და ფინანსები სამშობლოს მიუძღვნა. მისდევს შეუდარებელი მასშტაბის ქველმოქმედებას. მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი სიცოცხლე მსგავსად რიგითი ჯარისკაცისა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ემსახურება. იმ წლების რაოდენობა, რომელიც მან თავის ქვეყანაზე ზრუნვაში გაატარა, ბევრად მეტია, ვიდრე პუტინისა და სააკაშვილის ერთად აღებული”.

უსუფაშვილი წერს, რომ შიში, რომელშიც საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს სააკაშვილის საქმის უკანონოდ წარმართვასთან დაკავშირებით გააჩნიათ, იმის ბრალია, რომ ყურადღებით არ აკვირდებიან განვითარების პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს.

უსუფაშვილის აზრით, საქართველო ივანიშვილისთვის პირველი და უპირველესი სამშობლოა, სადაც დაიბადა და ჩვეულებრივი მომუშავე ადამიანების ოჯახში გაიზარდა. რუსეთი კი ადგილია, სადაც ის მუშაობდა თავის აკადემიურ ნაშრომზე, სადაც ის გახდა ბიზნესმენი და თავისი ქონების უდიდესი ნაწილი დააგროვა. უსუფაშვილისვე ინფორმაციით, ივანიშვილი რუსეთის ბიზნეს წრეებში ახსოვთ, როგორც ექსტრაორდინალური ხასიათის ადამიანი, რომელიც ვერ იტანს ნებისმიერი სახის უსამართლობას თუ უკანონობას.

კომენტარები