კრიმინალი

ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ესროლა, გარდაიცვალა

ლექტორი, რომელსაც ილიას უნივერსიტეტის დერეფანში ყოფილმა ქმარმა ესროლა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილმა ქმარმა ცოლს რამდენიმე საათის წინ ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ილიაუნის C კორპუსში მოხდა. მაკა წივწივაძე, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი იყო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდანვე წივწივაძის გარდაცვალების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას, თუმცა საავადმყოფოს წარმომადგენლის განმარტებით, მაკა წივწივაძეს ოპერაცია უტარდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს უნივერსიტეტში მიაკითხა, ლექციიდან გამოიყვანა და დერეფანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სტუდენტების თქმით, მაკა წივწივაძეს ყოფილი ქმარი ემუქრებოდა, რის გამოც მას აეროზოლი ჰქონდა თან. ლექტორის ახლობლები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მაკა წივწივაძეს ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, რაზეც მან პოლიციას არაერთხელ მიმართა. მათივე ინფორმაციით, წივწივაძე ერთი თვის განმავლობაში სთხოვდა პატრულს, რომ ქმრის მუქარის საწინააღმდეგოდ ზომები მიეღო, თუმცა ამაზე
რეაგირება არ მომხდარა.

გარდაცვლილი ლექტორის დედის ვარაუდით, მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე მფარველობდა. როგორც დაჭრილის დედამ სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, მისი ყოფილი სიძე ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია. მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი პარალელური კლასელები იყვნენ და ისინი ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. დედის განმარტებით, ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა "ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა".

"ყოველ დღე დანის ტრიალში ყავდა. მესიჯი გაუგზავნა, ლაშა მაღრაძემ დამარიგა როგორ უნდა მოვიქცეო", - აღნიშნავს ინტერპრესნიუსის ცნობით გარდაცვლილის დედა.

კომენტარები