ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს. საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის თქმით, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა და დაასაბუთა თითოეული ბრალდებულის დანაშაული. შესაბამისად, ბრალდების მხარე ამ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება ბრალდებულების მიმართ. 

დაცვის მხარის ადვოკატის, რომეო საჯაიას თქმით კი, დღეს ადვოკატები წარადგენენ დასკვნით სიტყვას, რომლითაც პროკურატურის პოზიციები გაქარწყლდება. ადვოკატის ცნობით, სასამართლო მოისმენს საქმეში არსებული ორი დაზარალებულის შესახებ ინფორმაციას. საჯაიას თქმით, ერთ-ერთი დაზარალებული დავით ლექთაძე ხუთგზის ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი. ასევე მის წინააღმდეგ საქმეებში არის ეპიზოდი, რომლის მიხედვით მან ერთ-ერთი ყაჩაღობისას სახის არეში დაასახიჩრა ქალი 3 წლის შვილის თანდასწრებით და დაზიანებები მიაყენა მცირეწლოვან ბავშვსაც. მეორე დაზარალებული, რომელიც ადვოკატის თქმით, პროკურატურას საქმეში მოწმედ ჰყავს, არის მიხეილ მანდარია, რომელიც მისი ინფორმაციით, ასევე ნასამართლევია ორჯერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობისთვის. 

ადვოკატის ინფორმაციით, დასკვნითი სიტყვის წარდგენისას დაცვის მხარე წარადგენს ფარულ ჩანაწერს, რომელიც მიუთითებს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილებს ჰქონდათ იარაღი, რომლითაც გეგმავდნენ ციხეზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის ორგანიზებას. რაც შეეხება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენს, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. რომეო საჯაიას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

2006 წელს მომხდარ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოხდა, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ ბრალდება. 109-ე მუხლი ითვალისწინებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. 333-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით.

საქმის მასალების მიხედვით, ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სამი საკონტროლო გასროლა განხორციელდა, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთი საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ, მეორე კი გიორგი მაზმიშვილმა განახორციელეს. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ განახორციელა მესამე საკონტროლო გასროლა.

კომენტარები