ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

მაზმიშვილი: პროკურატურაში ახალაიების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდნენ

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულის, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი მაზმიშვილის განცხადებით, მას პროკურატურაში დათა და ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაჭერით ემუქრებოდნენ. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ გიორგი მაზმიშვილმა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა. 

"მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ მივსულიყავი მის წასაყვანად კონტრდაზვერვაში, სადაც მუშაობდა. მივედი და დამხვდა ოთხ პირთან ერთად, რომლებმაც მითხრეს,  ზემოთ ავიდეთ, შენთან საუბარი სურთო. ზემოთ რომ ავედით, ახალი ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მითხრეს, რომ ინფორმაცია ჰქონდათ ჩემი და ახალაიების მეგობრობის შესახებ და მთხოვეს, მათზე მიმეწოდებინა ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მითხრეს, რომ დამიჭერდნენ. მე ვუთხარი, რომ არანაირ ინფორმაციას ახალაიების შესახებ არ ვფლობდი, გარდა იმისა, რომ მათთან ვმეგობრობდი", - განაცხადა გიორგი მაზმიშვილმა და აღნიშნა, რომ ახალაიების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მას არაერთხელ სთხოვეს. 

ამასთან, მაზმიშვილი, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობისთვის აქვს წარდგენილი, აცხადებს, რომ ნავთლუღის ტერიტორიაზე მას ცეცხლსასროლი იარაღიდან არ გაუსვრია. მაზმიშვილის თქმით, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მიიღო მხოლოდ ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული პირები ციხეზე თავდასხმას აპირებდნენ. 

"დათა ახალაიასთან ერთად ავტომობილით წავედით სპეცოპერაციის ადგილას. შორიახლოს გავაჩერეთ მანქანა. დათას ბრძანებით მანქანიდან არ გადავედით, მესმოდა სროლები, თუმცა არ ვიცოდი, რა ხდებოდა. შემდეგ დათამ თქვა, რომ უნდა წავსულიყავით და ყველა ერთად წავედით. ესენი ჰაერში ისროდნენ, ჩემს იარაღს რაღაც გაეჭედა და ვერც გავისროლე და უკან მივდიოდი. დავინახე სპეცრაზმელები, მათ შორის შალვა თათუხაშვილი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა. ასევე დავინახე სამი გარდაცვლილი. შალვამ გასცა ბრძანება, რომ სპეცრაზმელებს პერიმეტრი უნდა დაეცვათ და რკალი გაეკეთებინათ, სადაც უცხო პირები ვერ შევიდოდნენ, მათ შორის კუდ-ის თანამშრომლები. ჩვენ უკვე ტერიტორიაზე ვიყავით და ამიტომ მოვხვდით აღნიშნულ პერიმეტრზე, თუმცა იქ სხვა დანარჩენების შესვლა აკრძალული იყო. შალვა თათუხაშვილმა დათას უთხრა, რომ გარდაცვლილებს ჰქონდათ იარაღი და რომ არ დაყარეს, სპეცრაზმმა ამიტომ გახსნა საპასუხოდ ცეცხლი. აქ ვნახე ლევან ქარდავაც, რომელსაც იარაღი არ ჰქონდა. შემდეგ მოვიდა გურამ დონაძე და დათა მას ელაპარაკებოდა, სწორედ მაშინ გავიგე, რომ ეს პირები ციხეზე თავდასხმას აპირებდნენ", - განაცხადა გიორგი მაზმიშვილმა. 

2006 წელს მომხდარ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოხდა, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ ბრალდება. 109-ე მუხლი ითვალისწინებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. 333-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით.

საქმის მასალების მიხედვით, ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სამი საკონტროლო გასროლა მოხდა, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთი საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ, მეორე კი გიორგი მაზმიშვილმა განახორციელეს. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ განახორციელა მესამე საკონტროლო გასროლა.

 

კომენტარები