ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

მთავრობის პრესსამსახური: პრემიერმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გუშინ გამართა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია დღეს გაასაჯაროვა. ინფორმაცია სხდომის შესახებ Facebook-ში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე მას შემდეგ განთავსდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების საკითხი პარლამენტმა განიხილოს, ამის შემდეგ კი, მარგველაშვილის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს. ამასთან, პრემიერის პრესსამსახურმა ინფორმაციის განთავსების დრო შეცვალა და დილის 11:00 მიუთითა.

"საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ საღამოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს" - აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი. მისი თქმით, ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში. მან საქართველოს პარლამენტს მიმართა, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. პრეზიდენტის თქმით, ამ პოზიციაზე დაფუძნებით, ის უშიშროების საბჭოს მოიწვევს.

კომენტარები