ერთიანი პლატფორმა ახალი დღისთვის - ამ სათაურით მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის განვითარების კონცეფციას აქვეყნებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს. მისი განცხადებით, "ეკონომიკა ყავარჯნებზე დგას, დიდი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია, ბიუჯეტი ისევ ირღვევა, კრიმინალები და კანონიერი ქურდები კი თავს მშვენივრად გრძნობენ". სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის პოზიციები საქართველოსთან მიმართებით დღითი დღე ძლიერდება. ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ერთად შეიმუშავონ ქვეყნის განვითარების სტრატეგია. პრეზიდენტი საუბრობს "ოცნების სახადისაგან განკურნების და ქვეყნის ხელახალი აღდგენის პროექტზეც", რომელიც, მისი თქმით, აღარ და ვეღარ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის უბრალო გამეორება.
"ივანიშვილისა და მისი ოცნების კოლაფსი გარდაუვალია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ოლიგარქის პროვინციული დიქტატურის ყოველი მორიგი დღე უფრო და უფრო მტკივნეული იქნება საქართველოსთვის. ხელისუფლების რღვევისა და ყველაზე და ყველაფერზე პირადი კონტროლის დაკარგვის საფრთხე, სულ უფრო აგონიურს გახდის ოლიგარქის მოქმედებებს, რაც დიდი რისკების წინაშე დააყენებს ქვეყანას და იმდენად დააზარალებს, რომ მის აღსადგენად ძალიან დიდი, ერთიანი ძალისხმევა დაგვჭირდება. მჯერა, რომ ეს ძალისხმევა - ოცნების სახადისაგან განკურნება და ქვეყნის ხელახალი აღდგენა - აღარ და ვეღარ იქნება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის უბრალო “რიმეიკი”. გაცილებით მეტი იქნება საჭირო. საჭირო იქნება ახალი ამბიცია, ახალი ენერგია, ახალი პროექტი, რომელსაც განახორციელებს არა ერთი პარტია, არამედ მთელი საზოგადოება, მათ შორის საზოგადოების ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ნაწილი. ამიტომ, ჩვენ საზოგადოებას ბევრი დასაკარგი დრო არა აქვს. ამიტომ მოდით, ახლავე დავიწყოთ აზრთა გაცვლის ღია, გამჭვირვალე პროცესი, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა იდეა, რომელთა საფუძველზეც შევქმნით ერთიან ეროვნულ პლატფორმას წინსვლის გასაგრძელებლად. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მომაწოდოთ თქვენი იდეები და რჩევები. მომწერეთ ჩემი ფეისბუქის გვერდზე. ჩემს გუნდთან ერთად, მე ყველაფერს გავეცნობი და თქვენი წინადადებების ანალიზის შედეგად, განსახილველად შემოგთავაზებთ ხედვას ჩვენი ქვეყნის ახალი, ასე ნანატრი დღისთვის. რაც მთავარია, ეს არ იქნება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის პლატფორმა. ეს იქნება სოციალური პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავშალოთ საერთო ეროვნული დებატები იმაზე, თუ რა გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, რა სჭირდება მის უკეთეს ხვალინდელ დღეს - პოზიტიური და ოპტიმისტური დებატები, ფოკუსირებული არა წარსულზე, არამედ მომავალზე", - აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან ბევრი იფიქრა დაშვებულ შეცდომებსა და გამოუყენებელ შესაძლებლობებზე. მისი შეფასებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მთელი საზოგადოების რეფორმების პროცესში ჩართვა. სააკაშვილისეული ქვეყნის განვითარების კონცეფცია 7 პუნქტისგან შედგება. პირველი საკითხი განათლებას ეხება, სააკაშვილის შეფასებით, 1991 წლიდან მოყოლებული, განათლების მნიშვნელობა ვერ გააცნობიერა ვერცერთმა მთავრობამ, მათ შორის ვერც ნაციონალურმა მოძრაობამ.
"ჩვენ ყოველთვის ფოკუსირებულნი ვიყავით მოკლე და საშუალოვადიან გამოწვევებზე, მაგრამ თუ არ ვიზრუნებთ განათლების გრძელვადიან ეფექტზე, ჩვენი ქვეყნის განვითარება ყოველთვის შეფერხდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, თანამედროვე, გახსნილი განათლების სისტემა, რომელიც ყველა ბავშვს შეუქმნის უმაღლესი სტანდარტის განათლების მიღებისთვის საჭირო გარემოს, ყველა მოზარდს გაუხსნის ზოგადსაკაცობრიო მონაპოვართა შეცნობის და სამყაროს აღქმის შესაძლებლობებს, ხოლო ახალგაზრდას აღჭურვავს საჭირო ინსტრუმენტებით, რათა იგი იყოს კონკურენტუნარიანი თანამედროვე სამყაროში", - აცხადებს სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტის მანიფესტში საუბარია მოქალაქეების თავისუფლებასა და დაცულობაზე. სააკაშვილის თქმით, "ახალი საქართველოს ქვაკუთხედი უნდა იყოს მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოს განიხილავს საკუთარ პარტნიორად, რომელიც თავს გრძნობს დაცულად სახელმწიფოს მიერ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან". სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს, მისი შეფასებით, უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე მალე აისახება. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მემარცხენე რადიკალიზმი არ მუშაობს არსად, მით უმეტეს, საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანაში. სააკაშვილის თქმით, წარმატებული საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, "როგორ გავაგრძელოთ საყოველთაო აღმშენებლობა, როგორ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, გავაჩინოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის და, ამავე დროს, მოვახერხოთ, რომ ეკონომიკური განვითარებით მოტანილი სიკეთეების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი ზრუნვა და თანადგომა სჭირდებათ".
გარდა ამისა, ქვეყნის განვითარების კონცეფციაში მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს დეცენტრალიზაციაზე, "შეუწყნარებლობისგან თავისუფალ, ეროვნულ, ტოლერანტულ ტრადიციებზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე", დაბალანსებულ ხელისუფლებასა და ქვეყნის ევროპულ კურსზე.





