სამომხმარებლო ბაზარი

წელს ღვინის ქარხნებმა 118 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს

sazogadoeba.ge

საქართველოს ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლევანდელი რთველის შედეგად, 10 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩაბარებულია 118 ათასი ტონა ყურძენი, საიდანაც ყველაზე დიდი ნაწილი, 73 ათასი ტონა ყურძენი რქაწითლის ჯიშზე მოდის. შემდეგია საფერავის ჯიშის ყურძენი - 42 ათასი ტონით, მესამეზე კი - კახური მწვანე 2 ათასი ტონით. ჩაბარებულ ყურძენში ღვინის კომპანიებმა სულ 164 მილიონი ლარი გადაიხადეს.

2014 წლის რთველის მიმდინარეობისას ყველაზე აქტიური დღეები 20-27 სექტემბერი იყო, როდესაც ყოველდღიურად ღვინის ქარხნები დაახლოებით ექვსი ათას ტონა ყურძენს იბარებდნენ.

ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2013 წელს ღვინის ქარხნებმა სულ 92 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს, რომლის საერთო ღირებულებაც 108 მილიონ ლარს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით 17 ათასი ტონით არის გაზრდილი ჩაბარებული საფერავის რაოდენობა, ასევე 10 ათასი ტონით არის გაზრდილი ჩაბარებული რქაწითლის რაოდენობა. ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ყურძნის ფასი დაახლოებით 30-40 თეთრით არის გაზრდილი.

2014 წლის რთველი რაჭის რეგიონში ჯერ არ დამთავრებულა, აქ ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, უკვე ათასი ტონა ყურძენია ჩაბარებული. რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე ფასი წინა წელთან შედარებით რამდენიმე ლარით არის გაზრდილი და კილოგრამზე დაახლოებით 8 ლარს შეადგენს.

ქვეყანაში რთველი რამდენიმე კვირაში დასრულდება.

კომენტარები