მძევლად ჩაგდება

ენმ: მთავრობა ოპონენტების განადგურების მიზნით არ ერიდება არანაირ ცილისწამებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე ერთობლივი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, "ენმ-ს მიაჩნია, რომ დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, როგორიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იკადრა". მისი შეფასებით, პრემიერის განცხადება მიუთითებს, რომ "მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მიზნით არ ერიდება არანაირ სიბინძურეს და ცილისწამებას". ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გიორხელიძის მძევლად ჩაგდების საქმის უკან დგას ორგანიზებული ძალა. მას დარჩა შთაბეჭდილება, "რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა".

ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, "პრემიერის "ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება ააშკარავებს იმ პოლიტიკურ უუნარობას, რომელიც სუფევს მმართველ პოლიტიკურ გუნდში". მისი თქმით, ეს შემდგომში აუცილებლად გადაიზრდება მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. დეპუტატის აზრით, მთავრობაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკური წარუმატებლობა, შეუსრულებელი დაპირებები, უმუშევრობის და კრიმინალის ზრდა გადაიფაროს უსაფუძვლო ბრალდებებით პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ.

"ხელისუფლებამ უარი თქვა რაფალიანცის საქმის გამოძიებაზე, რითაც დაადასტურა, რომ ქართული ოცნება პირდაპირ და უშუალოდ იყო ჩართული ამ ბავშვის მკვლელობაში. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს დამღუპველი პრაქტიკა საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების. ყველა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, იქნას გამოძიებული პირუთვნელად, დეტალურად და ამ ფაქტთან დაკავშირებითაც, მოვუწოდებთ მათ, რომ შეიქმნას ერთობლივი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს. ცინიკურია, რომ ამ განცხადებას აკეთებს თამაზაშვილების კლანის წარმომადგენელი, რომლის მმართველობის დროსაც, ათეულობით ადამიანი გაიტაცეს პანკისის ხეობაში და გამოსასყიდის ფასად ათავისუფლებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები. კიდევ ერთხელ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას საზოგადოების დაპირისპირების პრაქტიკაზე და შეიქმნას საგამოძებო კომისია, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ყველა ბნელით მოცულ ფაქტს მოჰფენს ნათელს" - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი ადამიანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავა. მათი ინფორმაციით, ბრალდებულებმა იოსებ გიორხელიძე 10 ოქტომბერს, იარაღის მუქარით სახლიდან გაიტაცეს. შსს-ს ცნობით, გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

აღნიშნული "გონივრული ეჭვით" ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ნაციონალური მოძრაობა წინასწარდაგეგმილი დანაშაულებით ცდილობდეს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოსდა დანაშაულმა იმატა. 

კომენტარები