მძევლად ჩაგდება

სასამართლომ გატაცებაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულებს - დურმიშხან ღვაჩლიანს, ჯემალ შონიას, ალექსანდრე ჭანტურიას და გიორგი ქალდანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, ხოლო ალექსანდრე ჭანტურიას ადვოკატი - 10 000-ლარიან გირაოს. სხვა ბრალდებულებს პროცესზე ინტერესების დამცველი არ ჰყოლიათ.

პროკურორ თენგიზ ხარებავას თქმით, დაკავებულები ნამდვილად იყვნენ სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები და ისინი შსს-ში 2012 წლამდე მუშაობდნენ. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული - ჯემალ შონია პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, ხოლო დანარჩენები (დურმიშხან ღვაჩლიანი, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი) - სპეცრაზმის წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი ადამიანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 13 ოქტომბერს დააკავა. მათი ინფორმაციით, ბრალდებულებმა იოსებ გიორხელიძე 10 ოქტომბერს, იარაღის მუქარით სახლიდან გაიტაცეს. შსს-ს ცნობით, გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები არიან. აღსანიშნავია, რომ როგორც რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანის წამყვანი გიორგი გაბუნია დაკავებულების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იუწყება, კუდ-ში მხოლოდ ერთი ბრალდებული დურმიშხან ღვაჩლიანი მუშაობდა და მანაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დატოვა თანამდებობა სამსახურებრივი გადაცდომის გამო. 

მომხდარი დანაშაული "გონივრული ეჭვით" ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ხოლო იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ გატაცების უკან ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები იდგნენ, რადგან "მათ კრიმინალი აწყობთ".

კომენტარები